ნინო ყეინაშვილი იურიდიულ კომპანიას მეუღლესთან, დავით მსახურაძესთან ერთად მართავს, დავითი კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებს, ამიტომ მისი მოვალეობა ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, საქმეების განაწილება, კლიენტებთან ურთიერთობა და კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეების წარმოებაა. დავითი და ნინო როგორც მოქმედი ადვოკატები, შესაბამის ლიცენზიას ფლობენ და ამიტომაც გარკვეული კატეგორიისა და სირთულის საქმეებზე წარმომადგენლობას დღემდე პირადადაც ახორციელებენ, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა დაწესებულებებში.

„როგორც ყველა სხვა საკითხს, მეუღლეთა მიერ საერთო საქმის წარმართვას აქვს უპირატესობებიც და მცირე მინუსებიც. ამავდროულად, ორივე ვთანხმდებით, რომ უპირატესობები ბევრად გადაწონის ყველა სირთულეს. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ბალანსის დაცვა საქმიან და პირად ურთიერთობებს შორის, თუმცა მეუღლეებს გვაქვს წინასწარ შემუშავებული წესები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ბალანსის შენარჩუნებას ‒ მნიშვნელოვანია, რომ გამიჯნული იყოს საქმიანი და პირადი ურთიერთობები. ისინი იყოს ერთმანეთის გამაძლიერებელი და არა ხელშემშლელი ფაქტორები, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს. საქმიან ურთიერთობაში როლები ცალსახად არ გვაქვს გამიჯნული. ვცდილობთ, მუდამ გვერდში ვედგეთ ერთმანეთს ნებისმიერ საქმეში და დავეხმაროთ, როგორც რჩევით, ასევე აქტიური ჩართულობით. ამასთანავე, არსებობს გარკვეული სუბორდინაცია და ამასთანავე გუნდურობაც, რომელიც საქმეზე განსხვავებული აზრების არსებობის შემთხვევაში გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რათა სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი იყოს. უპირატესობებიდან გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ, როგორც ყველა ადამიანს, ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ხოლო იმის ცოდნა, ვის რა უპირატესობა აქვს ამა თუ იმ საქმეში, გვეხმარება, უკეთ განვსაზღვროთ სამოქმედო სტრატეგია და ავირჩიოთ მოქმედების საუკეთესო ვარიანტი. ნინოს იურისტის პროფესიას ემატება ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხიც, შესაბამისად, იურიდიულ საქმიანობასთან და ბიუროს მართვასთან ერთად, ჩვენი კომპანიის სტრატეგიისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობს“, – დავით მსახურაძე.

იურიდიული მომსახურების კომპანიებით ქართული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ამიტომაც გვაინტერესებს რისი მეშვეობით აღწევს ნინოს იურიდიული ბიურო წარმატებას კონკურენტულ გარემოში. კითხვაზე პასუხად ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე არგუმენტს გვთავაზობს ‒ კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის სწრაფად და ეფექტიანად შეთავაზება.

„ჩვენი საადვოკატო ბიურო თავად ქმნის იურიდიულ დეპარტამენტს კორპორაციული კლიენტებისათვის, ასევე შესაბამის დახმარებას უწევს კლიენტებს მიმდინარე საქმეებზე, უზრუნველყოფს რა მათ იურისტის ან იურისტების მიმაგრებით. გვაქვს სხვა მიმართულებაც, კერძოდ, კლიენტების დაკვეთით, მათთან უკვე დასაქმებულ იურისტებს ვუწევთ შესაბამის სამართლებრივ ზედამხედველობას. ჩვენი მიდგომაა მაქსიმალურად მოვერგოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და საჭიროებებს, რათა უზრუნველვყოთ კლიენტთა სწრაფი, ეფექტიანი და უწყვეტი იურიდიული მხარდაჭერა. საადვოკატო ბიუროს და ასევე მისი თანამშრომლების მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ მომსახურების ის უმაღლესი სტანდარტები, რაც ბაზარზე არსებობს. ეს ყველაფერი კი ჩვენს კომპანიას ანიჭებს იმ იდენტობას, რაც აუცილებელია ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად“.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი დონის მომსახურების გაწევას მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, კონკურენტული გარემო კი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას მოითხოვს. ამ მხრივ ნინოს ამოცანაა მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ამიტომაც მონაწილეობს შესაბამის აქტივობებში, ტრენინგებსა და შეხვედრებში. ამას გარდა, ნინო ყეინაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრია. აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის მუშაობაში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და კანონმდებლობის დასახვეწად წინადადებების შემუშავებაა.