იურიდიულ სფეროში ნინო ყეინაშვილს უკვე 12 წლიანი გამოცდილება აქვს, ის საერთო სპეციალიზაციის იურისტია. პროფესიის არჩევისას, გადამწყვეტი როლი პიროვნულმა თვისებებმა შეასრულა. აზრის თამამად გამოთქმის უნარი, საკუთარი და სხვათა უფლებების სათანადოდ ცოდნის სურვილი ნინოს ყოველთვის იურისტის პროფესიისკენ უბიძგებდა.
„ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში საგნად გავლილი საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი ინსპირაცია იყო, რომ მესწავლა კანონის სწორი ინტერპრეტირება და პრაქტიკაში გამოყენება. საბოლოო ჯამში, მიზნად მქონდა დასახული, მიღებული ცოდნით ადამიანის უფლებები დამეცვა“.
შრომით ბაზარზე ნინოს პირველი ნაბიჯები სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის მერიაში პრაქტიკასა და სტაჟირებას უკავშირდება, რომელთა ფარგლებშიც მისი მთავარი საქმე საპროცესო დოკუმენტებზე მუშაობა და მოქალაქეებისთვის მრავალფეროვან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაცია იყო. პარალელურად და შემდგომ წლებში ჩვენი რესპონდენტი კერძო იურიდიულ მომსახურებას უწევდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მუშაობდა სანოტარო ბიუროში და სასამართლოშიც. 2014 წელს ნინო მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნეს რეესტრში იწყებს.
„ამ ადმინისტრაციულ ორგანოში გატარებულმა ორმა წელმა და სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა კომპანიების იურიდიული საჭიროებების შესწავლის კუთხით“.
როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვწერდი, პირადი შრომით-სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების შემდეგ ნინო საკუთარ იურიდიულ კომპანიას აფუძნებს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია თბილისისა და ბათუმის ბაზარზე წარმატებით საქმიანობს. „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ ოფისები უკვე ორივე ქალაქში აქვს და კომპანიაში დასაქმებული არიან, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები და იურისტები.
„კომპანიის ძირითადი მიმართულება კორპორაციული კლიენტების მომსახურებაა. ამჟამად, ჩვენი ბიურო იურიდიულ მომსახურებას უწევს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილ წარმატებულ კომპანიებს, ასევე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას. მრავალფეროვანია ჩვენი კლიენტების საქმიანობის სფერო, დაწყებული სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესით, გაგრძელებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროთი, ფარმაციის ბიზნესით, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელით, საცალო ვაჭრობით (retail) და მრავალი სხვა. კორპორაციულ კლიენტებს მიმდინარე საქმეებზე მომსახურებას უწევენ მათზე მიმაგრებული იურისტები, თუმცა საქმეების განხილვა ხდება გუნდურად, შესაბამისად, კლიენტზე მუშაობენ არა მხოლოდ ერთეული იურისტები, არამედ მთელი ბიურო. კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ დარგში ინდივიდუალური სასამართლო დავების წარმოებას. ამ მიმართულებითაც ჩვენს კლიენტებს წარმოადგენენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები“.
ნინოს მთავარი ამოცანა კომპანიის განვითარებაზე ზრუნვაა. აქ იგულისხმება, როგორც ადმინისტრაციული საკითხების დაგეგმვა და შესრულების ზედამხედველობა, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა. რადგან ნინო ყეინაშვილის „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ კლიენტებს შორის საერთაშორისო კომპანიებიც არიან, იურიდიული ბიუროს დამფუძნებელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებიც ხშირად უწევს.
„მრავალწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ გამომიმუშავა შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც წარმატებით ვუმკლავდები პროფესიულ გამოწვევებს. ეს გახლავთ, მაგალითად, შრომისმოყვარეობისა და გუნდური მუშაობის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და იმავეს მოთხოვნა თანამშრომლებისგან. მუდმივი კომუნიკაცია როგორც კლიენტებთან, ასევე ჩემს გუნდთან. ასევე განვლილი პერიოდის ანგარიშგებისა და შეფასების გამართული სისტემა ჩვენს ბიუროში უზრუნველყოფს ნებისმიერი პროფესიული გამოწვევის ეფექტიანად დაძლევას. ჩვენი გუნდის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, საკანონმდებლო სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის ყოველდღიური კონტროლი ყველა გამოწვევისთვის მზად გვამყოფებს. ამ გზით კლიენტებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში არსებულ და მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე ამ ცვლილებების პოტენციური გავლენისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ“.