„განვითარების ახალ საფეხურად ასევე გადავწყვიტე ახალი პროფესიის დამატება და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღება. ამ მიზნით სასწავლებლად ინგლისში, იორკის უნივერსიტეტში და საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი. ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა დამეხმარა, გავრკვეულიყავი ისეთ საკითხებში, რომლებიც ძალიან ახლოსაა იურიდიულ პროფესიასთან და კომპანიათა საქმიანობის ყოველდღიური ნაწილია. სწავლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ისეთ საგნებზე, როგორიცაა მოლაპარაკების ხელოვნება ბიზნესში, კორპორაციული ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანგარიშგება და აღრიცხვა, ინფორმაციათა და განსაკუთრებით დიდ მონაცემთა მენეჯმენტი, ხელმძღვანელობა და მართვა, სტრატეგიის ფორმულირება და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება, ღია თანამშრომლობის ინსტრუმენტები ევროპული ბიზნესისა და მდგრადი საზოგადოებისთვის, ოპერაციული და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევის გაგება, ბაზარზე ყოფნის განვითარება. ყველა ამ საგანზე კვლევითი მიმართულებით მუშაობა ფინანსური დავების წარმოების, ასევე შესაბამის კომპანიებში სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის გზების ძიების საქმეში ძალიან დამეხმარა“.
პირად პროფესიულ და იურიდიული კომპანიის მთავარ ამოცანად ნინომ თავიდანვე კლიენტის ინტერესების პრიო რიტეტულობა განსაზღვრა, ეს კი კლიენტებისთვის კეთილსინდისიერ, დროულ და სრულყოფილ სამართლებრივ მხარდაჭერას გულისხმობს. ბიუროს ყველა ადვოკატმა იცის, რომ ეთიკის კოდექსის პირნათლად დაცვა და პირველ რიგში, კლიენტისთვის მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის დეტალური და წერილობითი მიწოდება მათი მთავარი ვალდებულებაა.
„მხოლოდ ამ ეტაპის დეტალურად გავლის შემდგომ ვიწყებთ კლიენტთან თანამშრომლობას და შედეგად კლიენტიც ჩვენ მიმართ ყოველთვის ნდობით არის განწყობილი“.
შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარების სურვილი ‒ ნინო ყეინაშვილის პროფესიული წარმატების ფორმულაა. საქმის დეტალური შესწავლა, იმ არგუმენტაციისა და მტკიცებულებების დამუშავება, რაც შეიძლება მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინოს ჩვენს რესპონდენტს კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ დაცვაში ეხმარება, რადგან ამ მიდგომის შედეგად ნებისმიერ მოსალოდნელ წინააღმდეგობას ის მზადყოფნაში ხვდება.
„საადვოკატო საქმიანობის დასაწყისშივე ორიენტირებული ვიყავი კლიენტებთან გულწრფელ და სრულყოფილ კონსულტაციებზე, რის შემდგომაც, რიგ შემთხვევაში, კლიენტს საკუთარი ძალებით გადაუჭრია სამართლებრივი პრობლემა. სწორედ ასეთმა მიდგომებმა ჩამოაყალიბა ჩემ გარშემო კლიენტთა წრე, რომელთა რეკომენდაციებით წლების მანძილზე მიკავშირდებიან ახალი კლიენტები და ნდობას მიცხადებენ“.
„იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ უახლოეს გეგმებში თბილისში ახალი ოფისის გახსნა შედის. კომპანია გეგმავს, რომ საკუთარ სერვისებს მალე აუდიტორიული მომსახურებაც დაუმატოს. მომსახურების სპექტრის გაფართოებასთან ერთად კომპანია ახალი კადრების აყვანასაც აპირებს, ბათუმის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კი ბათუმის ოფისის გაფართოებაც იგეგმება.
„უახლოესი მომავალი ჩვენი საადვოკატო ბიუროსთვის სიახლეებისა და ზრდის მომტანი იქნება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. კომპანიაში დაგეგმილი გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები და ველით, რომ ბაზარზე ჩვენი ბიუროსადმი მაღალი ინტერესი იქნება“.