ზოგჯერ დროებითი გამოწვევები და რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაზე საპირისპირო ანუ დადებით გავლენას ახდენს, კარგ გამოცდილებას გვაძლევს და სტიმულს გვძენს, იმისთვის რომ წინ ვიაროთ! ასე მოხდა ნინო ყეინაშვილის პროფესიული განვითარების გზაზეც, როცა ააიპ „ჩემი ადვოკატის“ დირექტორმა სამსახურიდან უკანონო ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლა. ნინო მაშინ თბილისის ერთ-ერთი რაიონის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ალბათ ბუნებრივია, რომ სხვისი უფლებების დამცველი უკანონობას არც პირად შემთხვევაში შეეგუებოდა, ამიტომაც შრომით-სამართლებრივი დავა წამოიწყო და წარმატებით დაასრულა კიდეც. მთელი ეს ამბავი კი ნინოსთვის ინსპირაციად იქცა დაეფუძნებინა საკუთარი საადვოკატო კომპანია ‒ ასე იქმნება 2017 წელს „იურიდიულ მრჩეველთა ბიურო“.
იურიდიულ სფეროში ნინო ყეინაშვილს უკვე 12 წლიანი გამოცდილება აქვს, ის საერთო სპეციალიზაციის იურისტია. პროფესიის არჩევისას, გადამწყვეტი როლი პიროვნულმა თვისებებმა შეასრულა. აზრის თამამად გამოთქმის უნარი, საკუთარი და სხვათა უფლებების სათანადოდ ცოდნის სურვილი ნინოს ყოველთვის იურისტის პროფესიისკენ უბიძგებდა.
„ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში საგნად გავლილი საქართველოს კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები ერთ-ერთი ინსპირაცია იყო, რომ მესწავლა კანონის სწორი ინტერპრეტირება და პრაქტიკაში გამოყენება. საბოლოო ჯამში, მიზნად მქონდა დასახული, მიღებული ცოდნით ადამიანის უფლებები დამეცვა“.
შრომით ბაზარზე ნინოს პირველი ნაბიჯები სხვადასხვა კერძო და საჯარო დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის მერიაში პრაქტიკასა და სტაჟირებას უკავშირდება, რომელთა ფარგლებშიც მისი მთავარი საქმე საპროცესო დოკუმენტებზე მუშაობა და მოქალაქეებისთვის მრავალფეროვან სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაცია იყო. პარალელურად და შემდგომ წლებში ჩვენი რესპონდენტი კერძო იურიდიულ მომსახურებას უწევდა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მუშაობდა სანოტარო ბიუროში და სასამართლოშიც. 2014 წელს ნინო მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნეს რეესტრში იწყებს.
„ამ ადმინისტრაციულ ორგანოში გატარებულმა ორმა წელმა და სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობამ დიდი გამოცდილება შემძინა კომპანიების იურიდიული საჭიროებების შესწავლის კუთხით“.
როგორც ინტერვიუს დასაწყისში ვწერდი, პირადი შრომით-სამართლებრივი დავის წარმატებით დასრულების შემდეგ ნინო საკუთარ იურიდიულ კომპანიას აფუძნებს, რომელიც უკვე მეშვიდე წელია თბილისისა და ბათუმის ბაზარზე წარმატებით საქმიანობს. „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ ოფისები უკვე ორივე ქალაქში აქვს და კომპანიაში დასაქმებული არიან, როგორც სამოქალაქო-ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები და იურისტები.
„კომპანიის ძირითადი მიმართულება კორპორაციული კლიენტების მომსახურებაა. ამჟამად, ჩვენი ბიურო იურიდიულ მომსახურებას უწევს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილ წარმატებულ კომპანიებს, ასევე რამდენიმე საერთაშორისო კომპანიას. მრავალფეროვანია ჩვენი კლიენტების საქმიანობის სფერო, დაწყებული სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესით, გაგრძელებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროთი, ფარმაციის ბიზნესით, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელით, საცალო ვაჭრობით (retail) და მრავალი სხვა. კორპორაციულ კლიენტებს მიმდინარე საქმეებზე მომსახურებას უწევენ მათზე მიმაგრებული იურისტები, თუმცა საქმეების განხილვა ხდება გუნდურად, შესაბამისად, კლიენტზე მუშაობენ არა მხოლოდ ერთეული იურისტები, არამედ მთელი ბიურო. კომპანიის საქმიანობა ასევე მოიცავს სხვადასხვა სამართლებრივ დარგში ინდივიდუალური სასამართლო დავების წარმოებას. ამ მიმართულებითაც ჩვენს კლიენტებს წარმოადგენენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები“.
ნინოს მთავარი ამოცანა კომპანიის განვითარებაზე ზრუნვაა. აქ იგულისხმება, როგორც ადმინისტრაციული საკითხების დაგეგმვა და შესრულების ზედამხედველობა, ასევე ახალი კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა. რადგან ნინო ყეინაშვილის „იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ კლიენტებს შორის საერთაშორისო კომპანიებიც არიან, იურიდიული ბიუროს დამფუძნებელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებიც ხშირად უწევს.
„მრავალწლიანმა სამუშაო გამოცდილებამ გამომიმუშავა შესაბამისი უნარ-ჩვევები, რომელთა მეშვეობითაც წარმატებით ვუმკლავდები პროფესიულ გამოწვევებს. ეს გახლავთ, მაგალითად, შრომისმოყვარეობისა და გუნდური მუშაობის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და იმავეს მოთხოვნა თანამშრომლებისგან. მუდმივი კომუნიკაცია როგორც კლიენტებთან, ასევე ჩემს გუნდთან. ასევე განვლილი პერიოდის ანგარიშგებისა და შეფასების გამართული სისტემა ჩვენს ბიუროში უზრუნველყოფს ნებისმიერი პროფესიული გამოწვევის ეფექტიანად დაძლევას. ჩვენი გუნდის საქმიანობის სპეციფიკის შესაბამისად, საკანონმდებლო სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის ყოველდღიური კონტროლი ყველა გამოწვევისთვის მზად გვამყოფებს. ამ გზით კლიენტებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში არსებულ და მოსალოდნელ საკანონმდებლო სიახლეებზე, ასევე ამ ცვლილებების პოტენციური გავლენისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ“.
ნინო ყეინაშვილი იურიდიულ კომპანიას მეუღლესთან, დავით მსახურაძესთან ერთად მართავს, დავითი კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებს, ამიტომ მისი მოვალეობა ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, საქმეების განაწილება, კლიენტებთან ურთიერთობა და კომპანიის მიმდინარე ადმინისტრაციული საქმეების წარმოებაა. დავითი და ნინო როგორც მოქმედი ადვოკატები, შესაბამის ლიცენზიას ფლობენ და ამიტომაც გარკვეული კატეგორიისა და სირთულის საქმეებზე წარმომადგენლობას დღემდე პირადადაც ახორციელებენ, როგორც სასამართლოში, ასევე სხვა დაწესებულებებში.
„როგორც ყველა სხვა საკითხს, მეუღლეთა მიერ საერთო საქმის წარმართვას აქვს უპირატესობებიც და მცირე მინუსებიც. ამავდროულად, ორივე ვთანხმდებით, რომ უპირატესობები ბევრად გადაწონის ყველა სირთულეს. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ბალანსის დაცვა საქმიან და პირად ურთიერთობებს შორის, თუმცა მეუღლეებს გვაქვს წინასწარ შემუშავებული წესები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ ბალანსის შენარჩუნებას ‒ მნიშვნელოვანია, რომ გამიჯნული იყოს საქმიანი და პირადი ურთიერთობები. ისინი იყოს ერთმანეთის გამაძლიერებელი და არა ხელშემშლელი ფაქტორები, რასაც, ვფიქრობ, წარმატებით ვართმევთ თავს. საქმიან ურთიერთობაში როლები ცალსახად არ გვაქვს გამიჯნული. ვცდილობთ, მუდამ გვერდში ვედგეთ ერთმანეთს ნებისმიერ საქმეში და დავეხმაროთ, როგორც რჩევით, ასევე აქტიური ჩართულობით. ამასთანავე, არსებობს გარკვეული სუბორდინაცია და ამასთანავე გუნდურობაც, რომელიც საქმეზე განსხვავებული აზრების არსებობის შემთხვევაში გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, რათა სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი იყოს. უპირატესობებიდან გამოვყოფდი იმ ფაქტს, რომ, როგორც ყველა ადამიანს, ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ხოლო იმის ცოდნა, ვის რა უპირატესობა აქვს ამა თუ იმ საქმეში, გვეხმარება, უკეთ განვსაზღვროთ სამოქმედო სტრატეგია და ავირჩიოთ მოქმედების საუკეთესო ვარიანტი. ნინოს იურისტის პროფესიას ემატება ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის ხარისხიც, შესაბამისად, იურიდიულ საქმიანობასთან და ბიუროს მართვასთან ერთად, ჩვენი კომპანიის სტრატეგიისა და სამომავლო მიმართულებების განსაზღვრაში მონაწილეობს“, – დავით მსახურაძე.
იურიდიული მომსახურების კომპანიებით ქართული ბაზარი საკმაოდ გაჯერებულია, ამიტომაც გვაინტერესებს რისი მეშვეობით აღწევს ნინოს იურიდიული ბიურო წარმატებას კონკურენტულ გარემოში. კითხვაზე პასუხად ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე არგუმენტს გვთავაზობს ‒ კლიენტის ინტერესების პრიორიტეტულად დაცვა, კვალიფიციური იურიდიული კონსულტაციის სწრაფად და ეფექტიანად შეთავაზება.
„ჩვენი საადვოკატო ბიურო თავად ქმნის იურიდიულ დეპარტამენტს კორპორაციული კლიენტებისათვის, ასევე შესაბამის დახმარებას უწევს კლიენტებს მიმდინარე საქმეებზე, უზრუნველყოფს რა მათ იურისტის ან იურისტების მიმაგრებით. გვაქვს სხვა მიმართულებაც, კერძოდ, კლიენტების დაკვეთით, მათთან უკვე დასაქმებულ იურისტებს ვუწევთ შესაბამის სამართლებრივ ზედამხედველობას. ჩვენი მიდგომაა მაქსიმალურად მოვერგოთ კომპანიის საქმიანობის სპეციფიკას და საჭიროებებს, რათა უზრუნველვყოთ კლიენტთა სწრაფი, ეფექტიანი და უწყვეტი იურიდიული მხარდაჭერა. საადვოკატო ბიუროს და ასევე მისი თანამშრომლების მრავალწლიანი და მრავალფეროვანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ მომსახურების ის უმაღლესი სტანდარტები, რაც ბაზარზე არსებობს. ეს ყველაფერი კი ჩვენს კომპანიას ანიჭებს იმ იდენტობას, რაც აუცილებელია ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად“.
ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი დონის მომსახურების გაწევას მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება, კონკურენტული გარემო კი კვალიფიკაციის მუდმივ ამაღლებას მოითხოვს. ამ მხრივ ნინოს ამოცანაა მუდმივად მოწოდების სიმაღლეზე იყოს. ამიტომაც მონაწილეობს შესაბამის აქტივობებში, ტრენინგებსა და შეხვედრებში. ამას გარდა, ნინო ყეინაშვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული სამართლის კომიტეტის წევრია. აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის მუშაობაში, რომლის ერთ-ერთი მიზანიც პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და კანონმდებლობის დასახვეწად წინადადებების შემუშავებაა.
„განვითარების ახალ საფეხურად ასევე გადავწყვიტე ახალი პროფესიის დამატება და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხის მიღება. ამ მიზნით სასწავლებლად ინგლისში, იორკის უნივერსიტეტში და საფრანგეთში, სტრასბურგის უნივერსიტეტში ვიმყოფებოდი. ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურა დამეხმარა, გავრკვეულიყავი ისეთ საკითხებში, რომლებიც ძალიან ახლოსაა იურიდიულ პროფესიასთან და კომპანიათა საქმიანობის ყოველდღიური ნაწილია. სწავლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ისეთ საგნებზე, როგორიცაა მოლაპარაკების ხელოვნება ბიზნესში, კორპორაციული ფინანსური მენეჯმენტი, ფინანსური ანგარიშგება და აღრიცხვა, ინფორმაციათა და განსაკუთრებით დიდ მონაცემთა მენეჯმენტი, ხელმძღვანელობა და მართვა, სტრატეგიის ფორმულირება და ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება, ღია თანამშრომლობის ინსტრუმენტები ევროპული ბიზნესისა და მდგრადი საზოგადოებისთვის, ოპერაციული და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი, ორგანიზაციული ქცევის გაგება, ბაზარზე ყოფნის განვითარება. ყველა ამ საგანზე კვლევითი მიმართულებით მუშაობა ფინანსური დავების წარმოების, ასევე შესაბამის კომპანიებში სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის გზების ძიების საქმეში ძალიან დამეხმარა“.
პირად პროფესიულ და იურიდიული კომპანიის მთავარ ამოცანად ნინომ თავიდანვე კლიენტის ინტერესების პრიო რიტეტულობა განსაზღვრა, ეს კი კლიენტებისთვის კეთილსინდისიერ, დროულ და სრულყოფილ სამართლებრივ მხარდაჭერას გულისხმობს. ბიუროს ყველა ადვოკატმა იცის, რომ ეთიკის კოდექსის პირნათლად დაცვა და პირველ რიგში, კლიენტისთვის მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის დეტალური და წერილობითი მიწოდება მათი მთავარი ვალდებულებაა.
„მხოლოდ ამ ეტაპის დეტალურად გავლის შემდგომ ვიწყებთ კლიენტთან თანამშრომლობას და შედეგად კლიენტიც ჩვენ მიმართ ყოველთვის ნდობით არის განწყობილი“.
შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარების სურვილი ‒ ნინო ყეინაშვილის პროფესიული წარმატების ფორმულაა. საქმის დეტალური შესწავლა, იმ არგუმენტაციისა და მტკიცებულებების დამუშავება, რაც შეიძლება მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინოს ჩვენს რესპონდენტს კლიენტის ინტერესების საუკეთესოდ დაცვაში ეხმარება, რადგან ამ მიდგომის შედეგად ნებისმიერ მოსალოდნელ წინააღმდეგობას ის მზადყოფნაში ხვდება.
„საადვოკატო საქმიანობის დასაწყისშივე ორიენტირებული ვიყავი კლიენტებთან გულწრფელ და სრულყოფილ კონსულტაციებზე, რის შემდგომაც, რიგ შემთხვევაში, კლიენტს საკუთარი ძალებით გადაუჭრია სამართლებრივი პრობლემა. სწორედ ასეთმა მიდგომებმა ჩამოაყალიბა ჩემ გარშემო კლიენტთა წრე, რომელთა რეკომენდაციებით წლების მანძილზე მიკავშირდებიან ახალი კლიენტები და ნდობას მიცხადებენ“.
„იურიდიულ მრჩეველთა ბიუროს“ უახლოეს გეგმებში თბილისში ახალი ოფისის გახსნა შედის. კომპანია გეგმავს, რომ საკუთარ სერვისებს მალე აუდიტორიული მომსახურებაც დაუმატოს. მომსახურების სპექტრის გაფართოებასთან ერთად კომპანია ახალი კადრების აყვანასაც აპირებს, ბათუმის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად კი ბათუმის ოფისის გაფართოებაც იგეგმება.
„უახლოესი მომავალი ჩვენი საადვოკატო ბიუროსთვის სიახლეებისა და ზრდის მომტანი იქნება მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. კომპანიაში დაგეგმილი გვაქვს მასშტაბური ღონისძიებები და ველით, რომ ბაზარზე ჩვენი ბიუროსადმი მაღალი ინტერესი იქნება“.